"ოცნების" შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ გუშინ ჩატარებული ჩხრეკები არა საჩვენებელი რეპრესიები, არამედ კანონით ნაკისრი ვალდებულებაა:
"პოლიცია იყო იმ რაოდენობით მობილიზებული, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. რა რაოდენობა იქნება, ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო. ჩვენ თავად ვაფასებთ, რა რაოდენობის პოლიციელი გამოვიყვანოთ კონკრეტულ ღონისძიებაზე იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება.
არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება, ხორციელდება ის, რაც გვაქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება" - თქვა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, პროკურატურამ, საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.