რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო. ხიდი პრიმორსკის მხარეში, მდინარე ტუმანაიაზე აშენდება - "რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის გარდამტეხი ეტაპი იქნება" - აცხადებს რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი.
მშენებლობის დაწყების ცერემონია ვიდეოკონფერენციის საშუალებით შედგა და მასში ჩრდილოეთ კორეის პრემიერი, პაკ ტე სონგიც მონაწილეობდა.
„ეს რუსეთ-კორეის ურთიერთობებისთვის მართლაც გარდამტეხი ეტაპია. მისი მნიშვნელობა გაცილებით სცილდება უბრალოდ საინჟინრო ამოცანას. ეს სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს საერთო სურვილს, გავაძლიეროთ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები და გავაფართოვოთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა“, - განაცხადა მიშუსტინმა.
მისივე თქმით, ხიდი შექმნის "საიმედო საფუძველს" ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ნაყოფიერი დიალოგისა და ორი ქვეყნის ხალხების დაახლოებისთვის -"გარდა ამისა, ეს გაზრდის მოგზაურობებისა და შეხვედრების რაოდენობას, ხელს შეუწყობს ახალი შთაბეჭდილებების გაცვლას და როგორც რუსეთის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ისტორიისა და ტრადიციების გაცნობას...დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხიდი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ძლიერ სიმბოლოდ იქცევა " - თქვა მიშუსტინმა.
ახალი ხიდის გადასასვლელის საერთო სიგრძე მისასვლელ გზებთან ერთად 4,7 კილომეტრი იქნება, თავად ხიდის კი - ერთი კილომეტრი (რუსული მხარე - 424 მეტრი, კორეული მხარე - 581 მეტრი). სიგანე კი შვიდი მეტრით განისაზღვრება.
მშენებლობის დასრულება წელიწადნახევარში იგეგმება. ხიდთან ახლოს ავტომობილების საკონტროლო პუნქტი მოეწყობა.