ომის დასრულების მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრისთვის, რუსეთი ჯერ მინიმუმ 30 დღით რეალურ ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, როგორც კი დავინახავთ, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზის გასავლელად და არა მხოლოდ „მშვიდობიანი პოპულიზმისთვის“ ან 9 მაისის აღლუმის გულისთვის მოკლევადიანი პროპაგანდისტული ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - აღნიშნავს სიბიგა.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რეალური მზადყოფნის დემონსტრირება, თუ მინიმუმ 30 დღით რეალურ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება - „თუ რუსეთი მზადაა 60 ან 90-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ჩვენც მზად ვართ“, - ამბობს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
„როდესაც ცეცხლი შეწყდება, მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს - ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მშვიდობას მოიტანს“, - აცხადებს სიბიგა.
ცნობისთვის, კრემლი აცხადებს, რომ 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. მათი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, "ჰუმანიტარული მოსაზრებებით" მიიღო.