იერუსალიმის მახლობლად მასშტაბური ხანძარია | ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ისრაელმა იერუსალიმის მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მასშტაბური ხანძარია იერუსალიმის გარეთ რამდენიმე რაიონში, მათ შორის ლატრუნის, ნევე შალომისა და ეშტაოლის ტყის რამდენიმე ადგილას. ასევე ვრცელდება ხანძარი მევო ჰორონში, ბურმის გზის გასწვრივ ბეიტ მეირის მიმართულებით, მესილატ სიონის მიმართულებით და შაარ ჰაგაის ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ვცელდება ცნობები 13 დაშავებულის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის საბერძნეთს, კვიპროსს, ხორვატიას, იტალიასა და ბულგარეთს მიმართა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი იერუსალიმის დასავლეთით ხანძრებთან ბრძოლაში დახმარების შესახებ სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდა. მისი ოფისის ცნობით, საარმა ესაუბრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, არგენტინის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ამჟამად ხანძარს ებრძვიან ისრაელის Elad-ის საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ესკადრილიის თვითმფრინავები და ისრაელის პოლიციის ვერტმფრენები, ხოლო ისრაელის საჰაერო ძალები „ემზადებიან დაუყოვნებელი ოპერატიული მხარდაჭერისთვის“.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახური იერუსალიმის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრების ინციდენტებს იძიებს, რომელთაგან ზოგიერთი, სავარაუდოდ, განზრახ წაკიდებული იყო. სააგენტო ასევე ეხმარება ისრაელის პოლიციას იმ პირების პოვნაში, ვინც შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი გამხდარიყო. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა ტერორიზმსაც უკავშირდებოდეს.

იერუსალიმის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეთაური აცხადებს, რომ დღევანდელი ხანძარი შესაძლოა ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყოს და მეხანძრეებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, სანამ ხანძარი ლოკალიზებული იქნება.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანძრის შუაგულში ვართ, შესაძლოა ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა შმულიკ ფრიდმანმა დღეს საღამოს  გამართულ პრესკონფერენციაზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია ნევე ილანის, შორეშის, ნატაფისა და იად ჰაშმონას თემების ევაკუაციას ახორციელებენ, რადგან იერუსალიმის ტერიტორიაზე ხანძარი აღმოსავლეთისკენ ვრცელდება. ნევე ილანში მდებარე სტუდიების ევაკუაცია უწევს ისრაელის ყველაზე ყურებად არხს Channel 12.

ისრაელს სახანძრო ჯგუფების გაგზავნა შესთავაზა პალესტინის ხელისუფლებამაც, თუმცა ისრაელს შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი