პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და მისი მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ, - ამის შესახებ CBS-ი და Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ არის განმარტებული.
როგორც Politico სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპი უოლცის გათავისუფლებას გეგმავს და მისი შემცვლელების სახელები უკვე რამდენიმე კვირაა რაც განიხილება. გამოცემა ამ გადაწყვეტილების მიზეზად „ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან ნდობის დაკარგვას“ ასახელებს. უოლცის პოსტი შესაძლოა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ ვიტკოფმა დაიკავოს.
24 მარტს, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა, განაცხადა, რომ ის Signal-ის ჯგუფურ ჩატში შეიყვანეს, სადაც ტრამპის გუნდის წევრები იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავდნენ. უოლცმა საიდუმლო ელექტრონული ფოსტის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა აიღო. მან დასძინა, რომ არ იცის, როგორ მოხვდა ჟურნალისტის საკონტაქტო ინფორმაცია მის ტელეფონში და როგორ შეძლო მან დახურულ ჩატში შესვლა. ტრამპმა ინციდენტს "შეცდომა" უწოდა.