5000 ლარით დამაჯარიმეს; გიორგისაც დააჯარიმებენ და ერთად 10,000 გვექნება გადასახდელი. უდიდესი თანხა, რომელიც უნდა შევაგროვოთ და სამ შვილს მოვაკლოთ | ნათია ბუკია

გამოქვეყნდა:

რუსთაველზე, აღდგომის საღამოს დაკავებული გიორგი ორთოიძის ცოლი მოსამართლე ნინო ენუქიძემ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ნათია ბუკია სოციალური ქსელით ავრცელებს.

დიდი ალბათობით, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო 14 მაისს, მისი ქმრის შემთხვევაშიც, რომელიც დაკავების შემდეგ 5 დღიან პატიმრობაშიც იმყოფებოდა: 

"დღეს ისევ სასამართლოში ვიყავი. ამჯერად მოსამართლე ნინო ენუქიძემ ჩემს გზის გადაკეტვის საქმეზე გადაწყვეტილება გამომიცხადა. ორი კვირით გადადო გადაწყვეტილება, თითქოს რამე ქონდა მოსაფიქრებელი… მცნო სამართალდამრღვევად და დამაკისრა ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების გამოცხადება გზის გადაკეტვაზე 2 კვირით გადაუდო მოსამართლემ გიორგისაც, ასე ურჩევნიათ. პროცესის მერე, აბსურდის მტკიცება რომ უწევს შსს-ს, რომ ამხელ რეპრესიულ კანონს და როგორ იყენებს მას შსს კონსტიტუციური აზრის გამოხატვის უფლების შესაზღუდად, დამსწრეებთან ერთად არ ეკომფორტულება მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და დებს, რომ მერე, ცივ გულზე, 5 წუთში გამოგიცხადოს, ხალხიც არ იქნება და თვითონაც გაუადვილდება. ჩვენ არ გავუადვილეთ, მეგობრები მაინც გამომყვნენ, ხოდა მანდატურიც შემოგვყვა დიდის ამბით ერთი ცინიკოსი უგვანო კაცი. ყველა, ვინც სასამართლოში მუშაობს თანამონაწილეა იმ რეპრესიის, რასაც რეჟიმი გვიწყობს. 

ვისაც უდებენ გადაწყვეტილების გამოცხადებას, ყველას აჯარიმებენ. გუშინ ჩვენი მეგობარი დააჯარიმეს, ჩემს წინ ბიჭი იყო ისიც გამოცხადებაზე ისიც დააჯარიმეს, გიორგისაც დააჯარიმებენ 14-ში და ერთად 10,000 ლარი გვექნება გადასახდელი. უდიდესი თანხა, რომელიც უნდა შევაგროვოთ და ჩვენს სამ შვილს მოვაკლოთ. პათეტიკაში არ ჩამომართვათ, რეალობაა დღეს ჩვენი და თან რისთვის? იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ და ქვეყნის კონსტიტუციის დაცვას ვცდილობთ ისევ კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული აზრის გამოხატვის უფლებით.

სასამართლოში ყველა პროცესი ჩვენია, იმ ხალხის, ვინც რუსთაველზე ვდგავართ და ვაპროტესტებთ. ხედავ და ვერ იჯერებ, რომ ეს მართლა ასეა, რომ ასეთი სიხშირით გიწევს სასამართლოში სიარული და იქ სულ ნაცნობ სახეებს ხედავ. ეზოში კიდევ მეგობარი შემხვდა, იმასაც პროცესი ქონდა, ისიც დააჯარიმეს. ჩვენ ყველანი ვართ შემდგარი და წარმატებული ადამიანები, პატრიოტები, რომლებმაც ამ ქვეყანას ხელი ჩავჭიდეთ და არ ვაძლევთ მავანთ მისი უკან უფსკრულში გადაჩეხვის შესაძლებლობას! წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო სისტემა რუსთაველის პროტესტის განეიტრალება/დაშინება/რეპრესიით არის მთლიანად დაკავებული. მეტს მართლა არაფერს აკეთებენ! მერე კიდევ ვინმე იტყვის, რუსთაველის პროტესტს რა აზრი აქვსო… 

ჩემი გამოცხადების შემდეგ სინდისის პატიმრების სასამართლოზე შევედი, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხვია კასრაძის, ინსაფ ალიევისა და გიორგი გორგაძის. ასე ახლოდან პირველად ვნახე ისინი მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უახლოესი ადამიანები იყვნენ ჩემი. ჩემს განცდებს აღარ მოვყვები მაგრამ ერთს კი ვიტყვი, ეს ადამიანები არიან უდანაშაულონი, რომლებიც ამდენი ხანი ციხეში გამოკეტეს და მათთან ერთად აწამებენ მათ ოჯახის წევრებსაც! ოღონდ არა მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ უდანაშაულობის პრეზუმფციის მიხედვითაც ისინი არიან უდანაშაულონი! და მაინც, ისინი 5 თვეა ოთხ კედელში ყავთ გამომწყვდეული მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მანამდე არ არის ნასამართლევი, არც ერთს არ უცდია მათი ვიდეო კადრების გავრცელების მერე მიმალვა, არც ერთი შეწინააღმდეგებია დაკავებისას პოლიციას და  არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობს მათი ციხეში დატოვებისა, სანამ განაჩენს გამოუტანენ მაგრამ უსამართლო სასამართლო და რეჟიმი მათ სამაგალითოდ სჯის!

ხოდა, რაც არ უნდა დავიღალო და იმედი გამიცრუვდეს, გამორიცხულია მე რეჟიმის ტყვეები ამ ბრძოლაში მარტო ციხეში დავტოვო და მჯერა, იმისთვის, რა ფორმითაც ჩვენ გვდევნის და გვავიწროებს რეჟიმი, აუცილებლად ყველა მონაწილე სასტიკად დაისჯება! 

და კიდევ მინდოდა მეთქვა, მეგობრებო, იარეთ სასამართლოებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მანამდე კი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და უკვე მალე შევხვდებით რუსთაველზე!" წერს ბუკია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი