უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 2 მაისს, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსული სუ-30 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს „მაგურას“ უპილოტო საზღვაო პლატფორმიდან.
დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის მე-13 ჯგუფის ჯარისკაცებმა განახორციელეს.
"აგრესორი სახელმწიფო რუსეთის მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, ჰაერში აალდა და საბოლოოდ ზღვაში ჩავარდა" - აცხადებს უკრაინა.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, დარტყმა ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს მოხდა, სადაც რუსეთი "შავი ზღვის ფლოტის ნარჩენებს მალავს".
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც რუსული თვითმფრინავის განადგურებაა აღბეჭდილი.
2024 წლის 31 დეკემბერს, Magura V5 სარაკეტო საზღვაო დრონის წყალობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმმა მსოფლიოში პირველად გაანადგურა საჰაერო სამიზნე - ორი რუსული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი.