სლოვაკეთის პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული ლიდერების უსაფრთხოებას. რობერტ ფიცო ამბობს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩავა - "მე ჩავალ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსკოვში“ - ამბობს ფიცო.
ეს უპრეცედენტოა. მე ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოა. მე უარვყოფ ასეთ მუქარას. ზელენსკი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უცხოური დელეგაციები არ ჩავლენ მოსკოვში" მისივე თქმით, ღონისძიების "მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის ფედერაციის საქმეა“ - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.
ამ დრომდე უცნობია, ჩავა თუ არა მოსკოვში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელსაც აშშ-ში ვიზიტის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სამშობლოში დაბრუნდა. ვუჩიჩი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა მისი კარდიოლოგი ამბობს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდეს.
უკვე დადასტურებულადაა ცნობილი, რომ მიწვევის მიუხედავად რუსეთის დედაქალაქში არ ჩავა ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი. მიზეზად პაკისტანთან არსებული დაძაბული ვითარება და ომის საფრთხე სახელდება.