"NATO-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა გამოცემა "ინტერპრესნიუსის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოფიციალური პირის განცხადებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. მისივე თქმით, NATO ასევე შეშფოთებულია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.
"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფორმების პროგრესი პრიორიტეტად უნდა აქციოს, მათ შორისაა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.
NATO კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ყველა სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და რუსეთს არ აქვს უფლება, კარნახობდეს ამ არჩევანს.
NATO ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი და განათლებული თავდაცვის ძალების შემდგომ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში," - განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა.