თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთხელ, საქმის ახალი მასალების გასაცნობად მივიდნენ.
უფლებამდაცველები მოითხოვენ, რომ კომლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მათ მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდეს.
„რადგანაც დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაერთიანდეს და დაინიშნოს კომლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვაც, და შეფასდეს ის ჩანაწერები, რომელიც უნდათ გამოიყენონ, ვითომდა თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება.“ - ამბობს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახი და ადვოკატები.
გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.