საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საფოსტო მომსახურებაში 3 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ტენდერში წინადადებების მიღება 31 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 020 000 ლარია. 2025 წლის ბიუჯეტიდან 1 678 000 დაიხარჯება, 2026 წლის ბიუჯეტიდან კი 1 342 000.
"ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებული წერილის მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა, კონვერტში მოთავსება და ადრესატისთვის ჩაბარება საქართველოს მასშტაბით (ნებისმიერ მისამართზე) 1-8 სამუშაო დღის განმავლობაში. წერილის ადრესატთან გაგზავნამდე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი სტატუსის გადამოწმება შემსყიდველის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად. ადრესატთან უნდა გაიგზავნოს მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე წერილები.წერილის ადრესატთან გატანის შემდეგ წერილის ჩაბარების სტატუსი შემსყიდველს უნდა ეცნობოს მხოლოდ ელექტრონული სერვისებით და ის ფიზიკურად აღარ უნდა დაუბრუნდეს მას. ამასთან დაუშვებელია წერილის ჩაბარების მიზნით ერთზე მეტი ვიზიტის განხორციელება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჩაუბარებელი წერილისათვის სათანადო სტატუსის მინიჭება და განადგურება მოქმედი კანონმდებლობის და საფოსტო კომპანიის პრაქტიკის დაცვით.
წერილი (გზავნილი) შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე/საჯარიმო ქვითარზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ეს ჩაბარებად მიიჩნევა.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, ასევე ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ. შემსყიდველს, ზემოაღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება წერილის მოძრაობის და მისი ადრესატისთვის ჩაბარების შესახებ. შემსყიდველი ელექტრონულად უნდა ხედავდეს მიმღები პირის ხელმოწერას. შემსყიდველს საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დროს (დღის/თვის ჭრილში) ელექტრონულად შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების რაოდენობა და თითოეული წერილის სტატუსი.
შემსყიდველი და მიმწოდებელი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ეყრდნობიან ელექტრონულ ბაზაში არსებული გაგზავნილი წერილების რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მიმწოდებლისათვის ადრესატთან ჩასაბარებლად მიწოდებული წერილებიდან, მხოლოდ ადრესატთან მისაწოდებლად საფოსტო ოფისიდან გატანილ რაოდენობაზე. ადრესატთან მისაწოდებლად გაუტანელ (გაუგზავნელ) წერილების რაოდენობაზე, მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება.
მომსახურების ვადაა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. მომსახურების არეალი - საქართველო (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).
ჰიბრიდული წერილის ტექნიკურ მაღასიათებლებში წერია რომ წერილი უნდა იყოს არაუმეტეს 100 გრ წონის; მინიმალური ზომა - 90მმ X 140 მმ; მაქსიმალური ზომა - 240მმ X 340მმ; მაქსიმალური რაოდენობა - 15 ფურცელი. წერილების სავარაუდო რაოდენობა 9 თვის განმავლობაში 1 მილიონია." - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.