2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებებმა — მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ — ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს. ამის შესახებ საუბარია "ფლანგვის დეტექტორის" სტატიაში.
"შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ეს კამერები განთავსდება დედაქალაქის სტრატეგიულ წერტილებში, მათ შორის პროტესტის ეპიცენტრებში.
კამერების დიდი ნაწილი ჩინური კომპანიის, Dahua Technology-ის მიერ არის წარმოებული — ბრენდის, რომელიც დასავლეთში კრიტიკის ქვეშ მოექცა ადამიანის უფლებების დარღვევების და ჩინეთის სახელმწიფო მეთვალყურეობის სისტემებთან კავშირის გამო. კომპანიის სახელი უიღურების რეპრესიის კონტექსტშიც გაჟღერდა.
პირველი შესყიდვა 2024 წლის 12 დეკემბერს განხორციელდა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ქუჩის აქციებმა პიკს მიაღწია. „112“-მა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 30 ერთეული მართვადი კამერა (PTZ), მაღალი ოპტიკური ზუმით, რომლის კონტრაქტიც შპს „ჯი-ეს-სი“-სთან გაფორმდა და ღირებულება 84,963 ლარს შეადგენდა.
ყველაზე მასშტაბური შესყიდვა კი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. შპს „დელტა კონსალტინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, სააგენტომ 331 კამერა 2,972,620 ლარად შეიძინა.
ამ გარიგებაში შედის არა მხოლოდ კამერების მიწოდება, არამედ მათი გარე გამოყენებისთვის განკუთვნილი უწყვეტი კვების სისტემების მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაც.
ტენდერი 2024 წლის 14 ნოემბერს, მასობრივი აქციების ფონზე გამოცხადდა.
სწორედ ამ ფაქტობრივი პარალელების გამო — შესყიდვების დროის, რაოდენობისა და მდებარეობის გათვალისწინებით — ექსპერტები კამერების ინსტალაციას უსაფრთხოების სტანდარტებზე მეტად პოლიტიკურ რეალობას უკავშირებენ.
Dahua-ს PTZ (Pan-Tilt-Zoom)-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეოთვალთვალის სისტემათა შესაძლებლობები და ფუნქციები სცდება სახის ამოცნობას:
ყველა ეს ფუნქცია ეფუძნება ე.წ. ღრმა დასწავლის ალგორითმებს (deep learning), რაც სისტემას საშუალებას აძლევს, დამუშავებული მონაცემები დააკავშიროს ვიდეომასალასა და ფოტოსურათებთან, ანალიტიკის ბაზაზე კი გამოიტანოს დასკვნები.
წარმოების კამერები და მათი მაღალი შესაძლებლობები აჩენს მნიშნელოვან შეკითხვებს — ნამდვილად ემსახურება თუ არა ეს სისტემა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თუ მისი მიზანი უფრო ფართო კონტროლი და პროტესტის ჩახშობაა?
სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კამერების გამოყენება რეალურ დროში, პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიცირების მცდელობები და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა — ყოველივე ეს ქმნის სურათს, რომელიც შორსაა მოქალაქეთა უფლებებისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვისგან." - ნათქვამია სტატიაში.
ვრცლად flangva.ge