შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, მზია ამაღლობელს შსს 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება - საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.
"მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს.
ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.
მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას." წერს "საიას" თავმჯდომარე, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ნონა ქურდოვანიძე.
სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი ოთხი თვეა წინასწარპატიმრობაშია, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.