ბოლო 1 თვეში ელიტური კორუფციის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა | სია [TI]

გამოქვეყნდა:

მხოლოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში ელიტური კორუფციის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ.

TI-ს ცნობით, დღეის მდგომარეობით მაღალი დონის კორუფციის 231 შემთხვევაა აღრიცხული, რომლებშიც 207 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 34 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 37 პარლამენტის წევრი, 16 მოსამართლე და 62 მუნიციპალური თანამდებობის პირი.

კერძოდ: 

2025 წელი

ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა ადიგენის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%)  პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ. არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს.

თბილისის მერის მოადგილის დამალული, დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე სავარაუდოდ ფარულად ფლობს 1.2 მილიონი ლარის ღირებულების სასახლეს ბეთანიაში, რომელიც ფორმალურად თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის ნათესავის სავარაუდო კორუფცია

დეპუტატ ნინო წილოსანის ნათესავმა, ომარ ხატიაშვილმა, 2018 წელს სახელმწიფო აუქციონზე სიმბოლურ ფასად — 5 ლარად კვ.მ-ზე — შეიძინა 30,000 კვ.მ-მდე მიწა კახეთში, კუდიგორის მთაზე. ხატიაშვილის კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულები, რაც მას მთავრობამ 2023 წელს აპატია და ვადა გაუხანგრძლივა. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ აღნიშნული ქონება სინამდვილეში ნინო წილოსანს ეკუთვნის, რადგან საჯარო წყაროებით არ ჩანს, თუ საიდან შეიძლებოდა ომარ ხატიაშვილს ჰქონოდა ქონების შესაძენად და ინვესტიციის ჩასადებად საჭირო სახსრები. 

ვიქტორ ჯაფარიძესთან დაახლოებული პირის კომპანიამ მესტიაში 17 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგო

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთან დაახლოებული პირის, დავით ჩართოლანის კომპანიამ - შპს „ქორულდმა“ მესტიის მერიისგან 2021-2024 წლებში 16,856,815 ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე, კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით მიიღო, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მესტიის მერია და კომპანია წინასწარ ურიგდებიან ერთმანეთს. დავით ჩართოლანი 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

„ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან  37,095,628 ლარი მიიღო. ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო. ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა - 1,000,000 ლარზე მეტი.

ე.წ. „სკლინტიანი რძის“ სკანდალი – სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება მთავრობის კრიტიკის გამო

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა საეჭვო გარემოებებში მოუგო 4.7 მილიონი ლარის მოცულობის მსხვილი სასამართლო დავა ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძეს, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებიდან 2 კვირით ადრე ღიად გააკრიტიკა პროევროპული აქციების ძალადობრივი გზით დაშლა. სასამართლომ იგივე დავა პაპაშვილს რამდენიმე წლის წინ არ დაუკმაყოფილა. ამჯერად კი მოსამართლემ გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში, 7 დღეში მიიღო. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რომ მოსამართლე ლაშა პაპაშვილის კომპანიის მიმართ იყო მიკერძოებული.

საირმის ფეოდალი თემურ კოხოძე

ჟურნალისტური გამოძიება აღწერს, თუ როგორ ართმევს მიწებს მილიონერი ბიზნესმენი თემურ კოხოძე საირმის ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახელისუფლებო კავშირების გამოყენებით. კერძოდ, ის იყენებს პროკურატურას, სატყეო სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს, რათა ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუუქმდეს მიწის რეგისტრაცია და ისინი თაღლითებად გამოცხადდნენ. 

ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი