ესტონეთი ნებისმიერ მსოფლიო ლიდერს ან VIP პირს პუტინის პროპაგანდისტულ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ჩასასვლელად თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებას უკრძალავს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
"ესტონეთის საჰაერო სივრცის გამოყენება 9 მაისს მოსკოვში გასამართი აღლუმისთვის გამორიცხულია და ესტონეთი არ აპირებს ამ ღონისძიების მხარდაჭერას რაიმე ფორმით. უფრო მეტიც, ჩვენ ევროკავშირში ჩვენს კოლეგებს მკაფიოდ ავუხსენით, რომ რადგან რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და აგრძელებს ომს ევროპაში, მის მიერ ორგანიზებულ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს." - განაცხადა ცაჰკნამ.
ესტონეთმა უკვე აკრძალა მოსკოვში ან მოსკოვიდან კუბისა და ბრაზილიის VIP რეისები, 9 მაისის შეჩერდება მოსკოვში VIP რეისების ნებართვები.
ოთხშაბათს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლატვიამ და ლიეტუვამ უარი თქვეს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისთვის მოსკოვში გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად მათი საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილების უფლებაზე. ისინი ასევე არ მისცემენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოს მათ საჰაერო სივრცეში შესვლის უფლებას.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ბრიტა კიკასმა, განაცხადა, რომ სერბეთმა არ მოითხოვა ესტონეთის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა, მაგრამ ესტონეთის პოზიცია ემთხვევა ლატვიისა და ლიეტუვის პოზიციას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე მოსკოვში გამგზავრებას რამდენიმე სახელმწიფო ლიდერი გეგმავს. ევროპისა და ნატოს ლიდერების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებენ ღონისძიებას, რადგან რუსეთთან ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მან 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.