პარიზში ელისეს სასახლეში გერმანიის ახლადარჩეული კანცლერის ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი, "ერთობლივად გაუმკლავდნენ" კონტინენტის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ორმხრივ ურთიერთობებს "ახალი დასაწყისი" მისცენ. მერცისა და მაკრონის შეხვედრის შესახებ euronews წერს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა განცხადება ფრანკო-გერმანული "თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს" შექმნაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რეგულარული შეხვედრები მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყება, რათა შემუშავდეს "საერთო სტრატეგიულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება".
გერმანიის კანცლერის თქმით, მას სურს, რომ საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად განიხილოს ევროპის კონტინენტზე ბირთვული შეკავების საკითხი. მერცმა ასევე დაადასტურა თავისი განზრახვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები პარიზთან და ლონდონთან, ევროპაში ატომური ბომბის ორ მფლობელთან.
მოსკოვის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მერცმა დაადასტურა კიევში უახლოეს კვირებში ვიზიტის გეგმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანია "რუსეთთან ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა".
მერცმა განაცხადა, რომ გერმანია და საფრანგეთი ომის დასრულების შემდეგ უკრაინას "უსაფრთხოების გარანტიებს" შესთავაზებენ. კანცლერი ამტკიცებს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან უფრო ძლიერი ვალდებულების შემთხვევაშია შესაძლებელი. მისი თქმით, უკრაინაში ომი არ დასრულდება შეერთებული შტატების კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური და სამხედრო ჩართულობის გარეშე და ევროპელები მათ ადგილს ვერ დაიკავებენ.