შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი ამბობს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების საკითხს ოფიციალური სტოკჰოლმიც შეუერთდება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შვედეთი აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საზოგადოების მხარდაჭერას. მისივე თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება.
"ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას... ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წელს შვედეთი ასევე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების 30 წელს. ევროკავშირის წევრობამ შვედეთი გააძლიერა, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა. ჩვენ ბევრი სარგებელი მივიღეთ ერთიანი ბაზრიდან და ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებიდან. ასე რომ, შვედეთისთვის ეს ნათელი და პოზიტიური განვითარებაა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ევროკავშირში, საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება. ჩვენ ერთად ნამდვილად ძლიერები ვართ...
შვედეთი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია და როგორც დიდი ხნის პარტნიორი, ჩვენც შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შეესაბამება გაერთიანების ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ბრიუსელის აქტიური პარტნიორები ვართ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზებთან დაკავშირებით და ეს არის გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც ჩვენც ვაპირებთ. ვინაიდან ჩვენ ვიცავთ შიდა პროცედურებს, ამ პროცესის წინსვლისთვის, ჩემთვის შეუძლებელია კონკრეტული თარიღის თქმა. ეს არის შიდა პროცედურები, რომლებიც უნდა დასრულდეს, სანამ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა", - თქვა ელჩმა IPN-თან ინტერვიუში.