„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დათანხმდეს სრულ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დამატებითი პირობების გარეშე. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები გაზრდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას, რასაც რუსეთმა მასშტაბური თავდასხმებით უპასუხა:
„ამ დროის განმავლობაში რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა განახორციელა, რამაც სიცოცხლე, სახლები, ოჯახები გაანადგურა. სწორედ ამას გვთავაზობს რუსეთი მშვიდობის ნაცვლად, ტვინის გამორეცხვის მცდელობასთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე უპასუხოდ. სწორედ ამიტომ ვართ აქ, შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს ღიად მივმართავთ: თუ მშვიდობა სერიოზულად გსურთ, ახლა შანსი გაქვთ ამის დემონსტრირებისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ საქმე ეხება უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებით, დამატებითი პირობების გარეშე, შეფერხებების გარეშე. პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად პირობები სურს, მან სამხედრო აღლუმი მოაწყო, ის კვლავ ეწინააღმდეგება, ის უარს ამბობს, ჩვენი მრავალრიცხოვანი მოწოდებების მიუხედავად, უკრაინის მოწოდებების მიუხედავად.
თუ პუტინი მშვიდობის გზას არ დაუბრუნდება, ჩვენ ვუპასუხებთ. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ გავზრდით დახმარებას უკრაინის თავდაცვისუნარიანობისთვის, რათა რუსეთი ვაიძულოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, დღეს დილით კიევში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ოთხი ლიდერი ჩავიდა - დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრემიერი. ეს ოთხი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი ვიზიტია უკრაინაში.
"მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამშვიდობო ძალისხმევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპული ქვეყნები და აშშ შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება და ის მინიმუმ 30 დღე უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად ვითხოვთ. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში მხარს გვიჭერს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს - ყოველგვარი პირობების გარეშე. ნებისმიერი პირობის წაყენების მცდელობა ომის გაჭიანურებისა და დიპლომატიის ჩაშლის განზრახვის დასტურია. ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი უნდა იყოს - ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.