"მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს, არ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება" | ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ღიად  ტოვებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, რაც არაერთ კითხვას აჩენს; მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს არ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება - ნათქვამია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

სტუდენტები ამბობენ, რომ არ შეიძლება დაირღვეს ის იზოლაცია, რომელში დღეს ქართული ოცნებაა მოქცეული:

160 დღეზე მეტია ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც განიზრახა ჩვენი წარსულის ღალატი და ევროპული მომავლის დაბრკოლება.

თანდათან ფორმირდა პროტესტში ჩართული მოქალაქეების მოთხოვნა და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებასთან ერთად, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ დათმოს ძალაუფლება!

განვლილი დღეების დამსახურებით ჩვენ არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ აღიარებს ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ეს პირველ რიგში, საქართველოს ჯიუტი მოქალაქეების დამსახურებაა, რომლებიც რეპრესიების არაერთი ტალღის მიუხედავად, უწყვეტად აგრძელებს პროტესტს. რეჟიმის იზოლაციაში მოსაქცევად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულმა ოპოზიციამაც, რომელმაც ჩვენი ხმა მიიტანა დასავლეთთან.
თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ღიად  ტოვებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, რაც არაერთ კითხვას აჩენს.

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრებიც, რომლებოც 160 დღის განმავლობაში ყოველდღე ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, პარალელურად  კი ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაძლიეროთ პროტესტი, მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს არ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს იქნება მათი მხრიდან მათივე ამომრჩევლების სურვილის უგულებელყოფა, რაც აუცილებლად გამოიხატება მათი ელექტორალური მხარდაჭერის შემცირებაში.

არ შეიძლება დაირღვეს ის იზოლაცია, რომელში ქართული ოცნებაა მოქცეული. ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უდრის რეჟიმის ლეგიტიმაციის აღიარებას და თუ მასთან თანამშრომლობას დაიწყებს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, ეს ნიშნავს რომ იმავეს იზამს საერთაშორისო საზოგადოება. 

პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს მათი ამომრჩევლების დაკვეთების შესასრულებლად და თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აქვს კითხვა, თუ რას ფიქრობს მისი ამომრჩეველი მას, აუცილებლად, ველოდებით რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა უწყვეტად გრძელდება." ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი