კრემლში შეკრებილი ჟურნალისტები პუტინმა თითქმის 2 საათი ალოდინა. განცხადების გაკეთება კი 9 მაისის ღონისძიებაზე საუბრითა და იმ ლიდერებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, რომლებიც ამ დღეს მის გვერდით იდგნენ. პუტინმა განაცხადა, რომ სექტემბერში ჩინეთს ეწვევა.
ამის შემდეგ, ის უკრაინაზე გადავიდა და განაცხადა, რომ კიევი "საბოტაჟს უწევს" ცეცხლის შეწყვეტას და რომ თითქოს უკრაინამ სააღდგომო ზავი 5 000-ჯერ დაარღვია.
პუტინის თქმით, "რუსეთი მადლიერია თავისი უცხოელი მეგობრების უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მცდელობისთვის". მისივე თქმით, "რუსეთმა დასავლელ კოლეგებს აცნობა, რომ მოსკოვმა შესაძლოა მომავალში გააგრძელოს გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი".
მან აღნიშნა, რომ "კიევმა საერთოდ არ უპასუხა მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას და მისი დაწყებისთანავე, რუსულ სამიზნეებზე იერიშები დაიწყო".
პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის დღეებში კიევმა ხუთჯერ სცადა რუსეთის საზღვარზე შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში და თავდასხმები ჩრდილო-აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის სხვა რაიონებში.
პუტინი ამტკიცებს, რომ "რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან დიალოგზე" და მან კიევს მოლაპარაკებების განახლება 15 მაისს, სტამბოლში შესთავაზა. მისივე თქმით, ხვალ ერდოღანთან საუბარს გეგმავს.
"რუსეთი მზადაა უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, მთავარია კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა. არავის სჭირდება სამყარო, სადაც სანგრების გათხრა ციებ-ცხელებით მიმდინარეობს, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა...მოსკოვის წინადადება მოლაპარაკებების შესახებ მაგიდაზეა, გადაწყვეტილება კიევისა და კიევის რეჟიმის კურატორებზეა დამოკიდებული...რუსეთი მადლობას უხდის შუამავლებს უკრაინასთან მშვიდობიანი მოგვარების პროცესში დახმარებისთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას" განაცხადა პუტინმა.
პუტინმა არ გამორიცხა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტამდე მივიდეს.