ხარკოვის ოლქში, მორიგ რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, კუპიანსკის ოლქის სოფელ ნეჩვოლოდოვკაში, რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად 80 წლის კაცი და 70 წლის ქალი დაიღუპნენ. დაშავდა კიდევ ოთხი 60 წელს გადაცილებული ადგილობრივი.
მომხდარ თავდასხმას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი:
"რუსული დრონის თავდასხმის შემდეგ ხარკოვში საგანგებო რეაგირების ოპერაციები მიმდინარეობს. კიდევ ერთი დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე, წმინდა სამოქალაქო. როდესაც ყველა ელოდება რუსეთის რეაქციას ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი პასუხობენ ახალი დარტყმებითა და თავდასხმებით. სწორედ ამიტომ არის ზეწოლა აუცილებელი" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.