ფრანგულმა დაზვერვამ რუსული ჯაშუშობის მასშტაბის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. გაზეთმა L'Express-მა ანგარიშის დეტალები გაამხილა, სადაც სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, რუსული ჯაშუშური ქსელის მოქმედებების შესახებაა საუბარი.
დოკუმენტი სახელწოდებით, „რუსეთის მუქარა და საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“ 16-გვერდიანია:
"ეს არის აქამდე გამოუქვეყნებელი 16-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც L’Express-მა მოიპოვა. დაწერილია სამხედრო დაზვერვის დირექტორატის, თავდაცვის დაზვერვისა და უსაფრთხოების დირექტორატის მიერ და შედგენილია თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს მიერ.
განკუთვნილია ექსკლუზიურად მინისტრებისთვის, რადგან მისი შინაარსი მგრძნობიარე საკითხად ითვლება, სახელწოდებით „რუსეთის მუქარა და ქმედებები საფრანგეთის წინააღმდეგ“. „ეს პუტინის შავი წიგნია საფრანგეთში“, - განმარტავს საფრანგეთის დაზვერვის თანამშრომელი." - წერს გამოცემა.
მასში ნათქვამია, რომ რუსი ჯაშუშები ცდილობენ შეაღწიონ იმ ფრანგულ სამეცნიერო დაწესებულებებში, რომლებიც სამხედრო ტექნოლოგიებზე, მათ შორის, ლაზერულ იარაღზე მუშაობენ.
გარდა ამისა, დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსებმა არაერთხელ მოიპარეს ფრანგ ინჟინრების აღჭურვილობა. მაგალითად, თავდაცვის სექტორში ფრანგულ კომპანიაში მომუშავე ინჟინერს, როდესაც ის სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა, აეროპორტში კომპიუტერი მოპარეს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ 2023-2024 წლებში რუსმა ჰაკერებმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ანგარიში გატეხეს, თუმცა, ფრანგული დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებმა მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომა ვერ შეძლეს.