თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 პოლიტპატიმრის საქმის განხილვაზე, ერთ-ერთმა მოწმე და დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა, ივანე კაპანაძემ, გამოკითხვისას თქვა, რომ „არ ახსენდება“ უნახავს თუ არა ვიდეოები, სადაც სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
მისივე თქმით, აქციაზე იყო პირველ დეკემბერს, საღამოს ცხრა საათიდან 45 წუთის განმავლობაში, რა დროსაც დაიძაბა ვითარება და აქციის მონაწილეები აგრესიაზე გადავიდნენ, ამის შემდეგ კი ხელის არეში მიიღო დაზიანება და ჰქონდა ძლიერი სისხლდენა. მისივე თქმით, პირველადი დახმარება სასწრაფომ გაუწია, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
პოლიციელმა ივანემ გამოკითხვის დროს, დაადასტურა, რომ არ შეუძლია იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც ის დააზიანეს და არც აქციაზე მყოფების ამოცნობა შეუძლია. მოწმემ დღეს ისიც თქვა, რომ არ დაუნახავს აქციაზე ვინმე თუ აორგანიზებდა ძალადობრივ ქმედებებს.
პოლიციელის განცხადებით, სამოსი სისხლით დაესვარა, თუმცა ნივთმტკიცება კრიმინალურ პოლიციაში არ მიუტანია და არც დაუმალავს „სახლში მაქვს, ზედ რაიმე კვალი დიდი ალბათობით აღარ არის“, - თქვა პოლიციელმა.
შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იხილეთ ასევე: