2025 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო მცხეთაში გამართავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვით შპს რედბოუსთვის 346 146 ლარის გადახდას აპირებს.
შპს რედბოუს (რემბო REMBOW) 100%-ის მფლობელი ქართული ოცნების მხარდამჭერი და ბერა ივანიშვილის მეგობარი ლევან მდინარაძეა (იგივე დიჯეი რემბო), კომპანიის დირექტორი კი მისი და იზი მდინარაძე. ლევან მდინარაძეს 2014 წელს ქართული ოცნებისთვის 1000 ლარი აქვს შეწირული.
შპს რედბოუს 7 ტენდერში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათგან მოგებული აქვს ერთი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანებებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის 67 236-ლარიანი ტენდერი. 33 პირდაპირი კონტრაქტით კი 864 499 ლარი აქვს მიღებული. კონტრაქტები აქვს გაფორმებული ისეთ უწყებებთან როგორიცაა საქართველოს საელჩო კუბაში, ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, იუსტიციის სამინისტრო და ა.შ
გამარტივებული შესყიდვით აპირებს ზუგდიდში ღონისძიების მოწყობას განათლების სამინისტროც და 418 831 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ შემთხვევაში კონტრაქტის დადება შპს რუბიკონ გრუფთან იგეგმება, რომლის 25%-ის მფლობელი და დირექტორი ქეთევან ნიკოლეიშვილია. 25%-25% აქვთ გიორგი ტეტიაშვილს, ხათუნა ჯიბლაძე და ნინელი მეგრელიძეს. აღნიშნულ კომპანიას 2.5 მილიონის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული სახელმწიფო უწყებებიდან. აღნიშნული კომპანია პროექტებს ბასა და თამარ ფოცხიშვილებთან ერთად ახორციელებს.
შესყიდვების სააგენტოში გაკეთებული ორივე განაცხადი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.
"მთავარი" აგრძელებს მუშაობას თემაზე, თუ ვისთან გეგმავენ სხვა სახელმწიფო უწყებები გამარტივებულ შესყიდვებს 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით.