აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერ-რიადში სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და სირიის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად შედგა. შეხვედრის წინა დღეს ტრამპმა სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება.
თეთრი სახლის ინფორმაციით ტრამპისა და ალ-შარაას შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ორი ლიდერის გარდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი და ფაქტობრივი მმართველი მოჰამედ ბინ სალმანი. თურქული სააგენტო "ანდალუს" ცნობით, მათ ვიდეოკავშირით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც შეუერთდა.
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრის დროს ტრამპმა ალ-შარაასგან "პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია" (ზუსტად ვის გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, არ დაკონკრეტებულა) და აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღზევების თავიდან აცილებაში დახმარება მოითხოვა.
ტრამპმა ასევე მოუწოდა სირიის ლიდერს, ხელი მოაწეროს "აბრაამის შეთანხმებას" , რომელიც ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული შეთანხმებების სერიას წარმოადგენს. 2020-2021 წლებში, ამ შეთანხმებების ფარგლებში, ისრაელმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან და მაროკოსთან.
თავის მხრივ, ალ-შარაამ ამერიკულ კომპანიებს სირიის ნავთობსა და გაზში ინვესტიციების ჩადება შესთავაზა. CNN-ის წყარომ არხს განუცხადა, რომ შეხვედრა "ყველა დონეზე უკიდურესად პოზიტიური" იყო.
აშშ-ს მიერ სირიისთვის 50 წლის წინ დაწესებული სანქციების მოხსნა გზას უხსნის სირიაში საუდის არაბეთისა და თურქეთის მნიშვნელოვან ინვესტიციებს. სანქციების მოხსნით, სავარაუდოდ, ამერიკული კომპანიებიც ისარგებლებენ, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.
აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ორგანიზაციის ყოფილი ლიდერია. ტრამპთან შეხვედრა მისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მინიჭებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სირიის პრეზიდენტმა შეხვედრა უკვე გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ისლამისტური მეამბოხე დაჯგუფება ლიდერის რანგში, ალ-შარაამ სირიაში ძალაუფლება დეკემბერში ჩაიგდო ხელში, დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაამხო და დაასრულა 13-წლიანი სამოქალაქო ომი.