ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო გემი შეეჯახა. დაიღუპა 2 და დაშავდა სულ მცირე 19 ადამიანი. გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.
ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირის თქმით, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.
მექსიკის საზღვაო ძალების გემი ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს. წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.