რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Amnesty International-ი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა, რაც ფაქტობრივად ქვეყანაში გლობალური ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის საქმიანობას კრძალავს.
რუსეთმა Amnesty International-ის ლონდონში მდებარე შტაბ-ბინა უკრაინის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ჯგუფის საქმიანობა "რეგიონში სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებისკენაა მიმართული".
ასევე, რუსმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ Amnesty International-ი "მხარს უჭერს ექსტრემისტულ ორგანიზაციებს" და "აფინანსებს უცხოელი აგენტების საქმიანობას".
ცნობისთვის, "არასასურველი ორგანიზაციების" სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. გენერალური პროკურატურის მიერ არასასურველად ცნობის შემდეგ ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ უნდა შევიდეს შესაბამის რეესტრში. ამ სიაში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.