მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ პროცესზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა.
ნიკა გვარამია სხდომაზე ასაბუთებდა, რომ იდენტური ფორმულირების მუხლი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და ის მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. სწორედ ამ საფუძვლით ითხოვდა ის მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა.
"მოსამართლემ რაც გააკეთა - ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ასევე, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ გადაწყვეტილებებიც უნდა გაუქმებულიყო. ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონია. უნდა გავაცნობიეროთ, მოსამართლემ რა თქვა - მან თქვა, რომ მე ვერ გამოვიტან ამ გადაწყვეტილებასო, მოდი, სხვა მოსამართლემ გამოიტანოსო. ის ვის გადაულოცავს, აღარ ვიცი, მაგრამ სანამ ის ვინმეს რამეს გადაულოცავს, მანამდე „ქართული ოცნება“ დასრულდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამაში ვართ სრულიად დარწმუნებული" [IPN] განაცხადა ნიკა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ.
ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი.17 აპრილს სასამართლომ მას აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გადასახდელად 50-დღიანი ვადა განუსაზღვრა, რომელიც 7 ივნისს იწურება.
ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს.