წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, საქალაქოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წაუყენეს ბრალდება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. 

17 აპრილს სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გადასახდელად 50-დღიანი ვადა განუსაზღვრა, რომელიც 7 ივნისს იწურება.

ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. 

"თუ დღეს გირაოსთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება! თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ამასთან, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების მაგრამ მაინც. ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო? ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს იმიტომ, რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ?! ამას მე არ დავუშვებ." განაცხადა ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე.  

ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი