გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის შეურაცხყოფა უფრო ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული შეურაცხყოფაა | ზურაბიშვილი ფიშერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს გერმანიის ელჩს შეხვდა და ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  პირადად მისი და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის"  სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ზურაბიშვილმა აღნიშნა, გერმანია ის წამყვანი ქვეყანაა, რომელიც ბოლო 30 წელია მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს და მისი დიპლომატის შეურაცხყოფა, სინამდვილეში, საქართველოსთვის მიყენებული შეურაცხყოფაა:

"ეს მიმაჩნია, რომ არის უფრო ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც გერმანიისგან მიიღო უდიდესი დახმარება ამ 30 წლის მანძილზე ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში საქართველოში, "ქართულ ოცნებაში", თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლი იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გერმანიის გარეშე არ არსებობს. 

მე მინდა ჩემის მხრივ და ამაში გავაერთიანო "წინააღმდეგობის პლატფორმა" , გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ბატონი ელჩისა და მისი მეუღლისადმი." ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის და პატივს სცემს მეგობრების მხარდაჭერასა და დახმარებას და ეს ელჩმაც დაუდასტურა, როცა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს, იქ მყოფთა დიდმა ნაწილმა მომხდარი დაგმო: 

"ელჩმა მითხრა, რომ ადგილზე, როცა ვიღაცა ლანძღავდა მათ , იყვნენ ბევრი უბრალო ადამიანები, რომლებმაც ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა ვუთხრა" აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი