"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში დღესდღეობით საქართველოზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. ამასთან ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა კონგრემენ ჯო უილსონის კითხვაზეც, სადაც მან ქართული ოცნება ანტიამერიკულ ძალად მოიხსენია.
"[მარკო რუბიოს] დღევანდელი პასუხით დადასტურდა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოზე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში დღესდღეობით არ არსებობს... თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას - სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში?" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ჯო უილსონმა რუბიოს დაუსვა კითხვა "...რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის სახელით?"
რაზეც რუბიოს პასუხი იყო, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია მისი სახელმწიფო ინტერესები:
"არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს" - განაცხადა რუბიომ.