ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ლიეტუვამაც გააუქმა. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
შესაბამისი დადგენილება ლიეტუვის მთავრობამ 21 მაისს მიიღო. დადგენილება ევროკავშირის საბჭოს მიმდინარე წლის იანვრის თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.
ლიეტუვა მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკომისიას და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ასეთივე გადაწყვეტილება ესტონეთმაც მიიღო. ოფიციალურმა ტალინმა საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.