"არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "ქართული ოცნების" რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დევნის" | არასამთავრობო სექტორი

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო სექტორი პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ცდილობს დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას  და ველიდან გააქროს დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს ვითარების მკაცრი შეფასებისკენ, ეუთო/ოდირს კი პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგისკენ მოუწოდებს

„არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დევნის. სანქცირებული მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, რეჟიმი ცდილობს, დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას  და ველიდან გააქროს დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების შემდეგ, პარლამენტის ყველა წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა,  უარი თქვა მანდატზე და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული და არც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო უზრუნველყოფილი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და შედეგების ლეგიტიმურობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ანალოგიური მოწოდება ჰქონდა ევროპარლამენტსაც.

არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. თუმცა, ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმაციას „ქართული ოცნების“ გარდა არავინ აღიარებს, არ არსებობს ოპოზიციაც, რომელიც საგამოძიებო კომისიაში იქნებოდა წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთპარტიული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა.

არაკონსტიტუციური დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია, „ქართული ოცნების“ რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები გადაფაროს ძველი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით, პარალელურად კი პროპაგანდისტული მეთოდებით საინფორმაციო მანიპულაციები აწარმოოს. ამასთან, ამ არაკონსტიტუციური კომისიით „ქართული ოცნება“ ქმნის იმიტაციას, რომ პოლიტიკისგან დაცლილ არალეგიტიმურ პარლამენტში გარკვეული პოლიტიკური პროცესი თუ დებატი მიმდინარეობს.

არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციური კომისიის ფარგლებში დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით ხდება ადამიანების დაბარება არაკონსტიტუციურ კომისიაზე, რათა მათი გამოცხადებით არალეგიტიმურმა პარლამენტმა იძულებითი ლეგიტიმაცია შეიძინოს.

საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იმ პირების მიმართ, ვინც არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ კომისიაზე არ გამოცხადნენ – უწყებამ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა სასამართლოს. აღნიშნულის მიზანია, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი  ცხოვრებიდან გაქრნენ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები და „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის მიუღებელი პირები. შეგასხენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს სასამართლო სისტემის ე.წ. კლანის ლიდერები სანქცირებულები არიან გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან – სანქციების საფუძველი მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემების „ქართული ოცნებისთვის“ დაქვემდებარება და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 10 აპრილის რეზოლუციაში დაგმო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საპარლამენტო კომისიის შექმნა მისი ფართო უფლებამოსილების გამო. ამასთან, ასამბლეამ წუხილი გამოთქვა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გამო. განსაკუთრებით აღინიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი წევრების კომისიაზე დაბარება მათ მიერ საპარლამენტო ასამბლეის წევრის უფლებამოსილების შესრულების გამო და აღინიშნა, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკონტროლებს, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება გამოხატონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ყოფილი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის თაობაზე. ასევე, მოვუწოდებთ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის – ჩადენილი მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შელახვის გამო.

ამასთან, მოვუწოდებთ ეუთო/ოდირს, შემჭიდროვებულ დროში დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შესაბამისად.“ ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი – HRC
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI
  • დემოკრატიის მცველები – DemDef
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი – EGI
  • ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი – EPRC
  • თბილისი პრაიდი
  • მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი EEMCD
  • მწვანე ალტერნატივა
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – SOVLAB
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – TI
  • სამოქალაქო იდეა
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი – CSF
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • საქართველოს მომავლის აკადემია
  • საფარი
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი  – TDI
  • უფლებები საქართველო – RG
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
  • ყვარლის ევროკლუბი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS    

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი