ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. სამდღიანი გადაუღებელი წვიმის დაწყების შემდეგ დაკარგული ადამიანების ძებნა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლების თქმით, წყალდიდობის შემდეგ დაახლოებით 50 000 ადამიანი კვლავ იზოლაციაშია.
"წყალდიდობის შემდეგ წყალი დაბინძურებულია, შეიძლება იყვნენ მწერები, გველები... ამიტომ ეს რისკები უნდა შეფასდეს. ელექტროენერგიასაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას," - განაცხადა შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კომისრის მოადგილემ, დემიენ ჯონსტონმა, მედიასთან.
ცნობისთვის, წყალდიდობამ სიდნეის ზოგიერთ გარეუბანში ლიანდაგები დააზიანა. ასევე, სიდნეის აეროპორტი იძულებული გახდა, პარასკევს დილით, ძლიერი ქარის გამო სამი ასაფრენი ბილიკიდან ორი 1 საათით გადაეკეტა, რამაც ფრენები შეაფერხა.