ენმ-ის წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში EU-ს ელჩს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. 

როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩთან ისაუბრებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებასა და ოცნების ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე.

მისივე თქმით, ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სირიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევა.

განახლება: შეხვედრის დასრულების შემდეგ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა:

„ელჩის პოზიციებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გავიმეორო, ჩვენ რა საკითხები დავსვით - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რომელიც არის ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ასევე ინსტიტუციურად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი