"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება. მის განცხადებას X-ზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს:
"ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების დარბევის წინაშე... მე ყოველთვის ვიქნები მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ MEGOBARI აქტის ორპარტიულ ძალისხმევას კონგრესში, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად", - აცხადებს შაჰინი.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა - პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.