ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ძალოვანი უწყებიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა შსს-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობის საქმის ფიგურანტი დღეს დააკავეს და მას, სავარაუდოდ, შემხებლობა ჰქონდა მკვლელობის იარაღთან.
ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
"დაკავებულია სანდრო წივწივაძე. ჩვენ არაერთი კომენტარი გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გარკვეულ იარაღებს ფლობდა, რაც შემდეგ სხვის მფლობელობაში გადავიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ იარაღებიდან ერთ-ერთით არის ლევან ჯანგველაძე მოკლული. სანდრო წივწივაძის გამოკითხვა, შესაბამისი მოქმედებების ჩატარება მოხდა. თუ რა მუხლით დააკავეს, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. სხვა რამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. როგორც კი, შესაბამისი მასალები მექნება, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით",- [IPN] აცხადებს კაკაბაძე.
"მთავარი" დაკავების შესახებ დამატებით ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.
შეგახსენებთ, ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს გვიან ღამით მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც.
პოლიციამ 17 მარტს ბრალდებული, გელა უძილაური დააკავა. უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16 - დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძისა და მისი მძღოლის წინააღმდეგ 14-ჯერ გაისროლა. მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.
ჯანგველაძის ოჯახი და ადვოკატი დანაშაულის დამკვეთის დადგენას ითხოვენ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და რომ ლევან ჯანგველაძე და გელა უძილაური ერთმანეთს არ იცნობდნენ.