"ეს არის შეკვეთილი მკვლელობა" | ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ოჯახი მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი და ბრალდებულ უძილაურს მოკლულთან არასდროს, არანაირი კვეთა არ ჰქონია.

ოჯახის ადვოკატის ინფორმაციითვე, გამოძიებას ამ დრომდე არ ამოუღია ის ტელეფონი, რომელიც ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, მკვლელობის დროს, უძილაურს ხელში უჭირავს და სავარაუდოდ ინსტრუქციას იღებს. ასევე, ამოღებული არ არის არც მკვლელობის იარაღი:

"მკვლელობის იარაღი არ არის ამოღებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა, არ არის ამოღებული ის ტელეფონი, რომელსაც იმ დღეს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის დროსაც გელა უძილაური იყენებდა და აშკარად ჩანს ვიდეოკამერების ჩანაწერებში, კონკრეტულ ქმედებებს სხვა პირებს უთანხმებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაცვლილს, დაზარალებულს არ მიყვებოდა, ის ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში, როდის უნდა ყოფილიყო აეროპორტში, როდის უნდა დაეტოვებინა აეროპორტი და როდის უნდა მისულიყო ჭავჭავაძის ქუჩაზე. ანუ, ის უკვე იღებდა ინფორმაციებს და ის იყო მომზადებული ყველა ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და გელა უძილაურს თვითონ, თავისი გადაწყვეტილება არ მიუღია. არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა, არანაირი კონფლიქტი მათ არ ჰქონიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არათუ კონფლიქტი, არამედ არანაირი ურთიერთობა, არანაირი გადაკვეთა არასდროს, ლევან ჯანგველაძესა და გელა უძილაურს შორის არ ყოფილა" აცხადებს მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს გვიან ღამით მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც. 

პოლიციამ ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  წარედგინა, რაც 16 - დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძისა და მისი მძღოლის წინააღმდეგ 14-ჯერ გაისროლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი