შსს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირის დაკავებას ოფიციალურად ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ს.წ. [სანდრო წივწივაძე]. შსს-ს ინფორმაციით სწორედ მასზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს და ეს იარაღი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.
ს.წ. - ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ - მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
საქმეზე გამოძიება ლ.ჯ-ს განზრახ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს." აცხადებს შსს.
შეგახსენებთ, ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს გვიან ღამით მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც.
პოლიციამ 17 მარტს ბრალდებული, გელა უძილაური დააკავა. უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16 - დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძისა და მისი მძღოლის წინააღმდეგ 14-ჯერ გაისროლა. მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.
ჯანგველაძის ოჯახი და ადვოკატი დანაშაულის დამკვეთის დადგენას ითხოვენ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და რომ ლევან ჯანგველაძე და გელა უძილაური ერთმანეთს არ იცნობდნენ.