"მუქარისა და ცინიზმის უწყვეტი ნაკადი; გვეუბნებოდნენ: თქვენ არ ხართ უკრაინელი, თქვენ რუსი ხართ" | კისილიცა რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

თურქეთში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკრაინული დელეგაციის წევრი, სერგეი კისილიცა ერთ-ერთ ინტერვიუში ასაჯაროებს. დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთის დელეგაცია გამოირჩეოდა არაერთი ცინიკური განცხადებით და ითხოვდა უკრაინის ოთხი, შემდეგ კი ექვსი, ან რვა რეგიონის დათმობას.

"მუქარის, ცინიზმისა და ამორალური განცხადებების თითქმის უწყვეტი ნაკადი იყო. თქვენ უკვე გსმენიათ, რომ დღეს ოთხ რეგიონს ითხოვენ, ხვალ რვას ან ექვსს მოითხოვენ და რომ [უკრაინის] დელეგაციის წევრებს შორის, ზოგიერთმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი ნათესავი დაკარგოს." თქვა კისილიცამ.

მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გამოავლინა დამოკიდებულება, რომ ისინი უკრაინის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა და ერის არსებობას არ აღიარებენ და რომ თითქოს,  "რუსები კლავენ რუსებს“

"არ ვიცი, იყო თუ არა ეს მედიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის თქმა შეიძლება. მაგალითად, გარკვეულ ეტაპზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუბნება უკრაინის სრულუფლებიან დელეგაციას, რომელიც შედგება მაღალი რანგის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან, ფრონტზე მყოფი სამხედრო პირებისგან - „კარგი, იცით, არსებითად, ეს ომია, როდესაც რუსები რუსებს კლავენ“. ანუ, თქვენ გესმით? ეს ქვეყანა უარყოფს ჩვენს არსებობას, როგორც ერის. ისინი პირში გვეუბნებიან: თქვენ არ ხართ უკრაინელი, თქვენ რუსი ხართ. უბრალოდ, რუსები კლავენ რუსებს“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 2022 წლის შემდეგ პირველად, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 16 მაისს, სტამბოლში გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი