"ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი" | წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისზე "ოცნების" პროპაგანდას პასუხობს

გამოქვეყნდა:

წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი. 

"26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. დღე, როცა გამოცხადდა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ჭეშმარიტ ქართულ, მაშასადამე ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 
ეს საზეიმო დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. 26 მაისს საქართველოს მთავარ გამზირზე სწორედ ამ სულისკვეთებით ვიკრიბებით - ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ერთხმად და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, დაუბრუნებს საქართველოს მის კუთვნილ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში. 

“ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს. 

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.  ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი. 
26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე. ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე." ნათქვამია განცხადებაში. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბოლო დღეებია ამტკიცებენ, თითქოს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს "რადიკალური ძალები" არეულობასა და პროვოკაციებს გეგმავენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი