ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა | ადვოკატის თქმით, წივწივაძემ იარაღი 2019 წელს დაკარგა

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. 

პროკურატურის ცნობით, წივწივაძე  2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ წივწივაძეზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს. შემდეგ კი ეს იარაღი მან მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.  

გამოძიების მტკიცებით,  დადგენილია, რომ ჯანგველაძის მკვლელობის იარაღის  გარდა, წივწივაძეზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა. 

აღკვეთის სხდომაზე სიტყვით ისარგებლა დაკავებულმაც. ის ამბობს, რომ დაკითხულია ყველა იმ საქმეზე, რომელშიც მის სახელზე გაფორმებული იარაღები ფიგურირებდა:  

"არ ვაღიარებ ბრალს, რაც ჩემს მიმართ არის წარდგენილი. 1 დღეც და 1 წამიც, მე აქ არ უნდა ვიმყოფებოდე. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა მე დამიძახა, მითხრა რომ მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არც ერთხელ თავი არ ამირიდებია, მე ვარ დაკითხულიც... ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივსაც ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო" განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წივწივაძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ წივწივაძე უდანაშაულოა, ის კოლექციონერია და 2019 წელს სახლიდან იარაღი დაკარგა, რის თაობაზეც პოლიციაშიც ჰქონდა გაცხადებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი