POG: 3 იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე; ერთ-ერთით მოკლეს ლევან ჯანგველაძე | დაკავებულს ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - საუბარია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეზე.

სწორედ მასზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, წივწივაძემ ჯამში 3 იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით." აცხადებს პროკურატურა.

შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გელა უძილაურია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი