შვეიცარიაში, ცერმატის სათხილამურო კურორტთან ახლოს ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კანტონ ვალეს პროკურატურა ავრცელებს.
შაბათს შუადღისას, საგანგებო სიტუაციების სამსახურს სხვა მოთხილამურეებმა ნაპოვნი თხილამურების შესახებ აცნობეს. პროკურატურის ცნობით, საჰაერო და სახმელეთო ძებნის შემდეგ, მაშველებმა ცხედრები ადლერგლეჩერის მყინვართან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან მდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
ადგილობრივი ავიაკომპანია Air Zermatt-ის ცნობით, სამი მათგანი თხილამურების შემჩნევის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში, ხოლო ორი, 4 199 მეტრის სიმაღლის მთაზე, დანარჩენებისგან უფრო მაღლა იპოვეს.
პროკურორების განცხადებით უცნობია მოთხილამურეების ვინაობა. მომხდარზე გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.