მორიგი წერილი ციხის საკნიდან - მიმართვა ე.წ. გავრილოვის ღამის პატიმარმა, ბესიკ თამლიანმა „მთავარ არხს“ გამოუგზავნა.
პატიმარი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ყველანაირ შეღავათზე უარს აცხადებს და არ სურს, რომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება გახდეს ვაჭრობის საგანი.
„ვუერთდები გიგი უგულავას და გიორგი რურუას მათ სულისკვეთებაში! უარს ვაცხადებ ყველანაირ შეღავათზე მთავრობის მხრიდან, რათ ჩვენი პატიმრობიდან გათავისუფლება არ გახდეს ვაჭრობის საგანი. პროპორციული არჩევნების მიღწევა ბევრად მნიშვნელოვანია!!!
ბოლო ბოლო სიკვდილით არავინ არ მსჯის, სხვა ყველაფრის ატანა შესაძლებელია
ზუსტად ვიცი ერთი რამ, რისიც მჯერა და მწამს - სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს და ამ სიმართლეს კანონის ძლით მაინც დავამტკიცებ სადაც არ უნდა იყოს , თუნდაც ამ უსამართლო სასამართლოში.
ვიცი ისიც , რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი . პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, არ დათმონ პროპორციული არჩევნები“, - აღნიშნულია წერილში.
დღეს უკვე მესამე წერილია, რომელიც ციხიდან პოლიტპატიმრებმა გაავრცელეს. ბესიკ თამლიანის წერილამდე საპატიმროდან განცხადება გაავრცელეს გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ. ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოახდინონ კონცენტრირება.
პოლიტპატიმრების მიერ ციხიდან გავრცელებულ გზავნილებს „ოცნებაში“ ოპოზიციის PR სვლას უკავშირებენ. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, რურუა-უგულავა-თამლიანის წერილები დადგმული სპექტაკლია. ამით კი, „ოცნების“ ლიდერების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნას განცდა, თითქოს, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
ჩემი აზრით, ეს არ იყო კონკრეტული ადამიანების გამოშვებული მესიჯი, ეს იყო ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტების გამოშვებული მესიჯი, იმიტომ, რომ მათ უჭირთ, მიუხედავად დიდი პროპაგანდისა და PR სვლისა, დააჯერონ საზოგადოებას ამ ადამიანების პოლიტპატიმრობის შესახებ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.