აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებს უბრძანა, სტუდენტური ვიზებისთვის გასაუბრებაზე ჩაწერები შეწყვიტონ - ეს ავტომატურად ვიზების გაცემაზეც აისახება. მიზეზად აპლიკანტების სოციალურ მედიაში შემოწმების გაფართოება სახელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილ წერილში, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ შეჩერება იქამდე გაგრძელდება "სანამ დამატებითი მითითებები არ გამოიცემა". წერილში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში სტუდენტური და გაცვლითი ვიზების შემოწმება გაძლიერდება, რასაც საელჩოებისა და საკონსულოებისთვის "მნიშვნელოვანი შედეგები" ექნება. ეს ხდება ტრამპის დაპირისპირების ფონზე ამერიკის ზოგიერთ ყველაზე ელიტარულ კოლეჯთან, რომლებიც, მისი აზრით, ზედმეტად მემარცხენეა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს დაავალა, რომ დროებით შეწყვიტონ სტუდენტური და გაცვლითი ვიზების გაცემის გასაუბრებაზე ახალი ჩაწერები. ძველი ჩაწერები ძალაში რჩება - ანუ ვისაც უკვე ჰქონდა ვიზის გასაუბრება დაგეგმილი, მათ შესაძლებლობა ექნებათ ვიზიტი ჩვეულებრივ განახორციელონ.