სტამბოლის მუნიციპალიტეტის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, 19 მარტიდან ყოველ ოთხშაბათს თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში საპროტესტო აქციებს მართავს ლოზუნგით "ერი იცავს თავის ნებას“.
დღეს რიგით მეშვიდე აქცია სტამბოლის ესენლერის რაიონში იმართება.
CHP-ის თავმჯდომარის მოადგილემ, გოქან ზეიბექმა, აქციის დაწყებამდე განაცხადა:
"გზავნილი ძალიან ნათელია. ერს სურს საარჩევნო ყუთები რაც შეიძლება მალე. დღეს შევხვდი ბატონ იმამოღლუს და ჩვენი პარლამენტის წევრებს. არ არსებობს ბრალდება და არანაირი მტკიცებულება".
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემები შეიქმნა იმამოღლუს გამოსახულებიანი დროშებისა და პლაკატების აქციის ადგილზე მიტანის დროს.
სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამნაშავეების პასუხისგებაში მიეცემიან, თუმცა ექრემ იმამოღლუ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მომხრე მოქალაქეებსაც შეუქმნის უკეთეს ცხოვრებას.
"დღეს საღამოს ესენლერში არა აქციის გასამართად, არამედ მოქმედებისთვის ჩამოვედით. იცოდეთ ეს: როდესაც დამოუკიდებელი სასამართლო მოვა, ქურდები, კორუმპირებული ადამიანები და პუტჩისტები პასუხისგებაში მიეცემიან, თუმცა AKP-ის მომხრე მოვაჭრების და მუშების რეაქცია ასეთი იქნება: "დიახ, მე AKP-ის მომხრე ვიყავი, ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტი გახდა და სახეზე ღიმილი დაგვიბრუნა“, მადლობა ესენლერის მოსახლეობას, რომ 100 ათასობით ადამიანი გამოხვედით ისტორიის შესაქმნელად."- განაცხადა ოზგურ ოზელმა.