განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით, ოცნების შს მინისტრის პოსტიდან გომელაურის გადადგომის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერილი აქვთ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეებს. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
"ივანიშვილი ნელ-ნელა თამაშიდან გასვლას აპირებს და პროცესებს კობახიძეს აბარებს, რათა ჰყავდეს ვინმე, ვისაც შეეძლება ხლები შეაწმინდოს. ადრეც მითქვამს, უამრავი ადამიანია, ვინც სიამოვნებით დატოვებდა თანამდებობას. რა თქმა უნდა, გომელაური წასვლის რეალურ მიზეზებს არ დაასახელებდა. გომელაური იქნება თუ ვინმე სხვა, ფიქრობთ სამინისტროში რამე შეიცვლება? ეს სისტემური მიდგომაა.
ჩემი ინფორმაციით, ხარაზიშვილსა და მის მოადგილეებს, მის ბანდფორმირებებს, რომელიც მის ვერტიკალში არის, ყველას დაწერილი აქვს განცხადება. დაახლოებით 60-70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე. გომელაური იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ჩემი მუშაობის პერიოდში, ხარაზიშვილი მინისტრის მოადგილეებს არ ემორჩილებოდა და მათ ბრძანებებს არ ასრულებდა. ხარაზიშვილი გომელაურის გარეშე უფრო მეტი ტვირთია, ვიდრე რამის გამკეთებელი. პიროვნულად არაფერს წარმოადგენს. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბინძური და შავი საქმე უყოყმანოდ შეასრულოს, კითხვების დასმის გარეშე, თავის გუნდთან ერთად," - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.