აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებისგან იმპორტზე მასიური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის კონსტიტუცია კონგრესს ანიჭებს უფლებამოსილებებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის რეგულირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკის დასაცავად პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებებით არ არის ჩანაცვლებული.
"სასამართლო არ განიხილავს პრეზიდენტის მიერ ტარიფების გამოყენების მიზანშეწონილობას ან სავარაუდო ეფექტურობას, როგორც ბერკეტს. ასეთი გამოყენება დაუშვებელია არა იმიტომ, რომ ის დაუსაბუთებელი ან არაეფექტურია, არამედ იმიტომ, რომ [ფედერალური კანონი] არ იძლევა ამის საშუალებას", - განაცხადა მოსამართლეთა კოლეგიამ.
ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 2 აპრილს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ე.წ. საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 9 აპრილს ტარიფების ამოქმედება 90 დღით გადაავადა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება არაერთხელ შეცვალა და სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები ხან გაზარდა, ხან კი შეამცირა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უნივერსალური 10%-იანი ტარიფები ძალაში დატოვა.