ადვოკატებმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ნიკა მელია პატრულის მანქანის ნაცვლად ე.წ დაკავების მანქანაში ჩასვეს. მისი ინფორმაციით, ის ფიზიკური ძალადობით აიყვანეს.
"...იყო ხელების გადაგრეხვა უკან, ჩასვეს არა ჩვეულებრივ პატრულის მანქანაში, არამედ იმ ცნობილ მანქანაში, შავფარდებიანი რომაა, სადაც ხალხს აწამებდნენ. ნიკასთან დაკავშირებით ამას ადგილი არ ჰქონია... რაციიდან ეუბნებოდნენ, ჩამიგდე ვიდეო და უგდებდნენ. ფიზიკური ძალადობით აიყვანეს. ტელეფონი წაართვეს და ცდილობდნენ, გაეხსნათ, თუმცა ვერ შეძლეს... კრიმპოლის სპეცოპერაციაა, 173-ე მუხლზე კრიმპოლის 100 კაცი რომ მივა ერთი მელიას დაკავებაზე, თან "მარშუტკით"..." - განაცხადა ნიკა გვარამიამ ნიკა მელიას მონახულების შემდეგ.
ასევე, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მაჯის არეში დაზიანებები აქვს. მისივე თქმით, ნიკა მელიამ რამდენიმე პოლიციელი ამოიცნო, რის შესახებაც სასამართლოში თავად მოჰყვება.
"ეს იყო კრიმინალური გატაცება. საპატრულო პოლიცია ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეს. [მელია] სამარშრუტო მანქანაში დააგდეს იატაკზე, ათეულობით ადამიანი იყო, აქვს დაზიანებები მაჯის არეში, ველურებივით იქცეოდნენო, ნიკამ როგორც გაიხსენა... რამდენიმე პოლიციელი ამოიცნო და ამის შესახებ თავად მოჰყვება სასამართლოში" - თქვა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას მონახულების შემდეგ კიდევ ერთმა ადვოკატმა, მარიკა არევაძემ განაცხადა: "ეს იყო გატაცება, რომელსაც სათანადო პასუხი გაეცემა".
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ ძალის გამოყენებით დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა. როგორც მისი თანაგუნდელები და დაცვის წევრები ჰყვებიან, დაკავების ოპერაციაში ასობით პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. "მთავარის" ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც შსს-ში გვითხრეს: "ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით".
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 30 მაისის სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, დააკავებდნენ - მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიებას, სავარაუდოდ, პატიმრობით შეუცვლიდნენ. ნიკა მელია აღნიშნულ პროცესზე მისვლას არ აპირებდა.